სიახლეები

კრედო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მორიგ პროექტს ახორციელებს

2015-05-06

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედო” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მორიგ პროექტს ახორციელებს. კომპანიის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგ-ცენტრი შეიქმნა.

ცენტრი მიზნად ისახავს განსაკუთრებული  საჭიროებების მქონე  ბავშვებსა და  მათ ოჯახებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგები, სპეციალური პედაგოგები, ქცევითი თერაპევტები, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები, ენისა და მეტყველების თერაპევტები) პროფესიული განვითარების შესაძლებლობის მიცემას. 

კომპანია “კრედოს” ეგიდით შექმნილი ტრენინგ-ცენტრი დარგში ინოვაციური ცოდნისა და თანამედროვე, მტკიცებულებებზე-დაფუძნებული მიდგომების პრაქტიკული დაუფლების შესაძლებლობას იძლევა ბავშვის განვითარების ინსტიტუტში არსებული სერვისების ბაზაზე.

2015 წლის მანძილზე უცხოელი პროფესორების მონაწილეობით დაგეგმილია ტრენერების გადასამზადებლად ტრენინგების სამი ციკლის გამართვა. სამომავლო ტრენინგ-მოდულების თემატიკა მოიცავს როგორც ყოველდღიური უნარების (ტუალეტის ჩვევა, კვება და სხვა) განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს, ასევე ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ სწავლებისა და ჩარევის სხვადასხვა სტრატეგიებს, მოზარდობის ასაკთან დაკავშირებულ საჭიროებებს, ალტერნატიული კომუნიკაციის სწავლების მეთოდოლოგიასა და სხვა.

1 – 9 მაისის მანძილზე ბავშვის განვითარების ინსტიტუტს აღნიშული პროექტის ფარგლებში სტუმრობენ ამერიკელი პროფესორები სინტია ანდერსონი და ჯოდი პოლაჰა. მათი მონაწილეობით მოხდება ტრენერების გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ძილის სიძნელეები, კვების პრობლემები, ტუალეტის ჩვევის ათვისების სტრატეგიები, მშობლებისთვის ბავშვის რთული ქცევის მართვის სწავლება და სხვა. ამჯერად გადამზადდება 15 ტრენერი, რომელთაგან 3 რეგიონებში (ქუთაისი და ბათუმი) შეძლებს ტრენინგ-მოდულების დანერგვის ხელშეწყობას.

კრედოს მხარდჭერით ჯოდი პოლაჰა, თავის კოლეგასთან, სინტია ანდერსონთან ერთად, 1-ლი მაისიდან 9 მაისამდე სტუმრობს ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს და მონაწილეობს ტრენინგცენტრის ჩამოყალიბებისა და ტრენერების გადამზადების პროცესში.