სიახლეები

„კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელი შეისყიდა

2018-08-30

სს „კრედო ბანკმა“  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“  საკრედიტო პორტფელის შესყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის გარდა, „კრედო ბანკს“ „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

,,მოხარული ვართ, რომ ჩვენსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედიტ პლუს ჯორჯიას“ შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება  წარმატებით დასრულდა. ,,კრედო ბანკისთვის“ მიკროსესხების პორტფელის შეძენა, მიკროსეგმენტზე ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდასა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა,“ -განაცხადა ,,კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.

ზრდა და გაფართოება „კრედო ბანკის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საქართველოში „კრედო ბანკი“ 20 წელზე მეტია მუშაობს. იგი ქმნის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფინანსურ გარემოს. მათთვის ხელსაყრელი პირობების შესათავაზებლად მუდმივად  ზრუნავს სერვისებისა და პროდუქტების განახლება-განვითარებაზე. 

„კრედიტ პლუს ჯორჯიას“  პორტფელის შესყიდვა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „კრედო ბანკის“ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობას. კრედო ბანკი სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესყიდვებს მომავალშიც გეგმავს. 

20 - წლიანი გამოცდილების მქონე ,,კრედო ბანკი“ თავდაპირველად ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირებდა. 2017 წლიდან საბანკო ლიცენზია მიიღო და დღეისთვის აქტივების სიდიდით მე-9 ბანკია საქართველოში.  „კრედო ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით 68  სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. გაფართოების პარალელურად იზრდება ,,კრედო  ბანკის“ დასაქმებულთა რიცხვიც, რომელიც ამ დროისთვის 3600 თანამშრომელს აჭარბებს, მომხმარებელთა რაოდენობა კი - 255 ათასს.  „კრედიტ პლუს ჯორჯიასთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად წლის ბოლომდე გაიზრდება, როგორც ,,კრედო ბანკის“ მომხმარებლების რიცხვი, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.