სიახლეები

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი.

2018-04-19

2018 წლის 19 აპრილს კრედო ბანკსა და წამყვან ევროპულ საფინანსო ორგანიზაციას - ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის, 20 მილიონი დოლარის ოდენობის საფინანსო ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 5 წლიანი შეთანხმების მიზანია საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებული ფოკუსირებით ქალ მეწარმეებზე.

 

„FMO - ნიდერლანდების განვითარების ბანკი  კრედო ბანკთან უკვე მეორე გარიგებას აწერს ხელს. ახალი ხელშეკრულებით ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება. გარიგება ლარში იქნება დენომინირებული, რაც კრედო ბანკის მეშვეობით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესს. აღნიშნული რესურსით ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი მიკრო და მცირე მეწარმეები. გარდა ამისა, ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს „ინკლუზიურ საფინანსო დღის წესრიგს“, რამეთუ სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება საქართველოში ქალ მეწარმეთა სეგმენტის წასახალისებლად“ - იან-ვილემ ჰუკი, საინვესტიციო ოფიცერი, FMO -  ნიდერლანდების განვითარების ბანკი.       

 

„ჩვენთვის დიდი პატივია FMO-სთან წარმატებული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა. 2017 წელი ღირსშესანიშნავი იყო კრედო ბანკის ისტორიაში, ჩვენი საერთაშორისო აქციონერების ხელშეწყობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“ შეუერთდა ქართულ საბანკო სექტორს. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებზე ფოკუსირება. FMO-სთან უწყვეტი თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ზემოთხსენებული ბიზნესების შემდგომი განვითარების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“- განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

 

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, იოს დაუმა, მიესალმა შეთანხმებას, როგორც FMO-ს მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ კიდევ ერთ საინვესტიციო ნაბიჯს და ტრანზაქციის განსაკუთრებულ მახასიათებლებს: დენომინაცია ლარში, ფოკუსირება სასოფლო-სამეურნეო, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა, განსაკუთრებით ქალ მეწარმეთა მხარდაჭერაზე. იოს დაუმამ მიულოცა კრედო ბანკს საბანკო სექტორში შესვლა და იმედი გამოთქვა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინვესტორების ხელშეწყობით, რომელთა შორისაა ჰოლანდიური ტრიოდოსი (Triodos Investment Management BV), ბანკის ამპლუაშიც კრედოს ძირითად ბენეფიციარებად სასოფლო-სამეურნეო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები დარჩებიან.

 

 

FMO-ს შესახებ


ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) წარმოადგენს საერთაშორისო განვითარების ბანკს. FMO კაპიტალს აბანდებს განვითარებადი ქვეყნების კომპანიებსა და საფინანსო დაწესებულებებში. თავისი 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით FMO მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კერძო სექტორის განვითარების ბანკია. FMO-ს მისიაა გამორჩეული კომპანიების შექმნა, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

 

კრედო ბანკის შესახებ

 

კრედო ბანკი წარმოადგენს ლიდერ ბანკს საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე, გავრცელების მასშტაბითა და კლიენტების რაოდენობის მიხედვით. კრედო ბანკი საქართველოში მოქმედი 67 სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება 230 ათასამდე მომხმარებელს. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით უზრუნველყოფა. კრედოსთვის პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან შემოსავალსა და დასაქმების შესაძლებლობებს. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც  Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

ონლაინ დახმარება